მოხსენებითი პოსტი

შოშანას კონტროლის ზონის

ყველა მკითხველს

ამავე კონტროლის ზონის

ბლოგერის შოშანას

მ ო ხ ს ე ნ ე ბ ი თ ი     პ ო ს ტ ი

მოგახსენებთ, რომ წიგნების მაღაზიაში ერთ-ერთი სტუმრობისას, თაროზე შევნიშნე თხელი, პატარა, ყვითელყდიანი წიგნი, რომელზეც რაღაც მისამართები ეწერა. უკანა გვერდის ყურადღებით დათვალიერების შემდეგ, აღმოვაჩინე რომ ეს სულ სხვადასხვა ქალაქების მისამართები  იყო. 

როცა წიგნი გადმოვატრიალე, არაპრეტენზიულად და სადად ქალის სილუეტის გვერდით ეწერა

სალომე ბენიძე
მოხსენებითი ბარათი

ჩემთვის ძალიან არაპოეტური ეს ორი სიტყვა, აღმოჩნდა რომ არაჩვეულებრივი სათაურია წიგნისთვის. პირად საუბრებში, როცა ავტორს სათაური შევუქე და ვუთხარი, რომ მე ათეულობით მოხსენებითი ბარათის დამწერს არასოდეს დამიწერია ასეთი საინტერესოდ და მრავლისმთქმელად, მითხრა რომ თავიდან წიგნისთის “ქალაქების” დარქმევას აპირებდა.

“მოხსენებითი ბარათი” სხვადასხვა ქალაქში დაწერილი ლექსების კრებულია.

 “ამსტერდამი-ბოსტონი. გადაფრენა”, “ბერლინი. იანვარი”, “ვენეცია. გასვლა.”, “ვილნიუსი. სადგური.”, “თესალონიკი. თვე მეთხუთმეტე”, ” ფლორენცია. სიზმარი.” მე განსაკუთრებულად “სტამბულის აეროპორტი. სამი განზომილება” მიყვარს და მაოცებს თუ როგორ ატევს იმ უსაზღვრო გრძნობას ერთ ლექსში “სტრასბურგი. პასუხი ელექტრონულ წერილზე”, მაგრამ ახლა სხვა ლექსს გამოვარჩევდი “ნოემბრის ოთხშაბათი”, ოთხშაბათი როცა სალო დაიბარადა.

“…იცი, მე არ მინდოდა ოთხშაბათს დაბადება,
რადგან ვიცოდი თეთრწვერა კაცისგან,
რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ბაბუაჩემი,
რომ მორიელებისთვის ნავსი დღეა ოთხშაბათი,
მაგრამ არავინ შემეკითხა,
ცოტა ხანს გაოცებული ვუყურებდი ქირურგის დანას
და მერე იძულებით დავიბადე…”

არ ვიცი სხვა რა დროს უნდა დაბადებულიყო. ის ხომ ყვითელი ფოთლების სეზონში დაიბადა. დღევანდელ დღეს, 12 ნოემბერს და არავის ისე არ ქვია ყვითელი, როგორც მას.

ყოველთვის ღიმილიანი, ყოველთვის ყურადღებიანი, ყოველთვის თბილი…
მინახავს საქმნიანი, ძალიან საქმიანიც, მეგობრებთან, მსმენელიც და მკითხველიც, ქუსლებზეც და საჭესთან და ყოველთვის იდეალურია. სრულყოფილი.
ის ემოციები რაც მის ლექსებშია, გხიბლავს, გაჯადოებს. გაოცებს, როგორ შეუძლია  შენეული გრძნობების ასე გადმოცემა. თითქოს რაღაც შენსას ეხება, ეხმიანება და უფრო ნათელს ხდის. თითქოს თვალებში გიყურებს და შენს სათქმელს გეუბნება.

მე ვცდილობ ყველას წავაკითხო, ცალკეული სტრიქონები მაინც. ჩემს უფროსს თავის დაბადების დღეზეც, რომ მოხსენებითი ბარათი დავუდე, გაოცებულმა მიხმო. მეთქი მე არა, ეს სხვისი “მოხსენებითი ბარათია”, არასამსახურეობრივი. 

“საბას” 2012 წლის ლაურეატი ნომინაციაში “დებიუტი”. მე ვიტყოდი წკრიალა, ნათელი დებიუტი და ნომინაციების დასაწყისი.

და ბოლოს სალომეს ერთ-ერთი ბოლო ლექსი, რომელიც ალბათ მალე მის წიგნს დაამშვენებს, მისი ფეისბუქური ჩანაწერებიდან “მოვიპარე”.

წერილი “Chateau Mere”-დან

მე გწერ სიჩუმეს, რადგან სიტყვებს აზრი აღარ აქვთ,
სხვა გზაც არაა _ შენს აჩრდილთან თამაშს მოვეშვი,
გიხსენებ _ ჰგავდი მიუდგომელ, მწვანე აგარაკს,
ზაფხულის გრძელ და უსაშველო საღამოებში.
მე გწერ სიჩუმეს, რადგან როცა ავლაპარაკდით,
ეს ცა და მიწა ვეღარაფრით ვერ გავიყავით,
და ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც მანამდე,
ჩვენც, ერთმანეთთან შეხვედრამდე როგორც ვიყავით,
ისე ვიცხოვროთ. პატარაა ჩემი ნაჭუჭი,
ვერ ჩაგატიე, ვერ მიგიხვდი, მაინც ვინა ხარ,
შენ ჩაიარე, მე, უბრალოდ, თვალებს დავხუჭავ
და ვეღარასდროს, ვეღარასდროს ვერ დაგინახავ.
როდესაც მივხვდი, რომ ქუჩები შენით აივსო,
როგორც ფოთლებით, როგორც ქარით, როგორც ხმაურით,
როდესაც მივხვდი, რომ სიყვარულს გზა აქვს თავისი,
მოულოდნელი, ოღრო-ჩოღრო და უცნაური,
როდესაც მივხვდი, შენი ნახვა როგორ ვინანე,
ჩამოვაფარე დარაბები, კარიც ჩავრაზე,
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გვიანი _
შენს ასე მარტივ სახელს ვწერდი სველ ფანჯარაზე.
ვწერდი და ვშლიდი. წვიმდა ცხარედ და ხელაღებით,
ქუჩა, სახლები მიყურებდნენ ნიშნისმოგებით,
და დავინახე, შემოდგომამ ამ ნიაღვრებით
როგორ წაიღო ჩვენი ძველი დიალოგები.
და გწერ სიჩუმეს, რადგან სიტყვებს ვეღარ ვუშველე,
სიტყვებს გასროლილს აღარა აქვთ რადგან მიზანი,
ასე გროვდება რვეულები გადაუშლელი,
რომლებსაც, ვიცი, არასოდეს გამოგიგზავნი.
ნუღარ შემხვდები _ დასასრული იყოს იოლი,
რომ დაივიწყონ ტკივილებმა მალე სხეული,
ასე მთავრდება ეს ბარათი, პრიმიტიული,
ჩემი ფერადი რევულიდან ამოხეული.
Advertisements

2 thoughts on “მოხსენებითი პოსტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s