საუზმე “ტიფანის” გარეშე

მაღვიძარამ მეორედ დარეკა.
სულ შვიდი დრო მაქვს მონიშნული, 10-15 წუთიანი ინტერვალებით. მეშვიდე ზარზეც თუ
არ ავდექი, ეს იგივეა ინგამ რომ შვიდი ტყვია ესროლა მურტალოს და შვიდივე ააცილა
ანუ სამსახურში მაგვიანდება.
ვინაიდან მეორე ზარი საკმარისი აღმოჩნდა გამოსაფხიზლებლად, გადავწყვიტე
გემრიელად გამოძინების ნაცვლად გემრიელად მესაუზმა.
რამდენიმე ცალი კვერცხი მაქვს, მაწონი, რძე, ფქვილი, მურაბებიც. ალადებს შეჭამდა
კაცი და არც ქალი ვიტყოდი უარს. თუმცა წინა დღის პურის ნაჭრებიც მაქვს.
ყიყლიყოები ხომ არ შევწვა? ან უბრალოდ ერბო კვერცხი? ცოტა ყველსაც დავახეხავ
ზემოდან. მოხარშული კვერცხიც სასარგებლოა დილით.
ამასობაში მესამედაც დარეკა მაღვიძარამ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ალადების ცხობის
დრო არ იყო. უნდა აღინიშნოს რომ კარგ ალადებს და ბლინებს ვაცხობ, თუმცა ყველაზე
გემრიელს რასაც ვაცხობ ძილია.
იმ აზრმაც გამიელვა, ცოტა ხომ არ წავუძინო კიდევთქო? 10-15 წუთს ვასწრებდი,
მაგრამ შიმშილმა მძლია. ეს უკანასკნელი ნებისმიერ ხმაურზე ეფექტურად ახერხებს
ჩემს გამოღვიძებას.
მგონია, რომ დილაობით დედამიწის მიზიდულობის ძალის ეპიცენტრი ჩემი ლოგინის
ქვეშაა, ამიტომ უსაშველოდ მიჭირს წამოდგომა. როგორც ყველა სირთულეს, ამასაც
გავუმკლავდი. სამზარეულოში შევედი, ელექტროჩაიდანი ჩავრთე და აბაზანისკენ
გადავინაცვლე, სადაც ჩემთვის დრო ჩერდება. შესაბამისად იქედან გამოსულს, მეგონა
რომ მაღვიძარა მოთხედ რეკავდა თუმცა მეექვსე ზარი აღმოჩნდა.
თავზარდაცემულმა პატარა ჯამი გადმოვიღე, შვრიის ფანტელები ჩავყარე, ცხელი
წყალი დავასხი, ყველი დავახეხე და ლამბაქი დავაფარე. პარალელურად ყავის ჭიქა
გადმოვიღე ერთი კოვზი ყავა ჩავყარე, მერე ორი კოვზი შაქარი. საშაქრეში ისევ
აღმოჩნდა ყავის ნამცეცები. არადა ყოველ დილით ვცდილობ, რომ ჯერ შაქარი
ჩავიყარო და მერე ყავა.
მესამე ხელი აუცილებელია დილაობით. ერთით საუზმე მოიმზადო, მეორეთი ყავა
დაისხა, მესამეთი კი ტელეფონი აიღო და „ფეისბუქი“ ჩამოსქროლო. თუმცა რად მინდა
სამი ხელი, ორითაც მშვენივრად ვახერხებ ამ ყველაფერს. ცხელ ყავას სულ ვუბერავდი
და ვფიქრობდი, როგორ მოუხდებოდა რამე თბილი და ტკბილი. უი, ტკბილი… „ქენდი
ქრაში“ ჩავრთე. ერთი ლეველი დავხურე და მაღვიძარამ მეშვიდედ დარეკა.
მაგვიანდება.
ამ საღამოს რამე ტკბილს გამოვაცხობ ან ხვალ დილით ანდა მოვიდეს შაბათ-კვირა.
გემრიელად გამოვიძინებ და იქნებ რამეს გამოცხობაც მოვასწრო ძილის გარდა.
50181b1422053117ebd2c0f8912b98d3

2 thoughts on “საუზმე “ტიფანის” გარეშე

  1. ჩემი საუზმეც გერკუ გახლავს :))) მაწვნითი. ყავა რძითი მიყვარს და უშაქროდ :)))) მარხვის დღეების გარდა.

    ოდეს ნორჩი ვიყავ, დილით პირველი ყლუპი ყავა იყო. ახლა 2 ან 3 ჭიქა წყალი. საუზმემდე 30 წუთით ადრე.

    ზოგჯერ დილით ისე ღრმად მძინავს, ვერ ვხვდები, მაღვიძარას ზარი რა არის. უბრალოდ, რაღაც მაწუხებს :))))

    მოვაღებ ხოლმე აივნის კარს კარგა ხნით და წყალთან ერთად სუფთა ჰაერიც კარგად მაფხიზლებს.

    ძველ რუსულ ფილმებში დაკვირვებული ხარ დილით ადგომის სცენებს? 🙂 რუშებიანი საყელოთი მოკლე ხალათები, კოპლებიანი ჩაიდნები, ხაზის რადიოში დილის ვარჯიში. ახალ ამერიკულ ფილმებში პირიქით, ისე ადრე დგებიან, ერთ ცხოვრებას ცხოვრობენ სამსახურში წასვლამდე, თანაც აუჩქარებლად.

  2. როგორ მომეწონა და წერის ხასიათზე დამაყენა 😍

Leave a comment