“ლობსტერი” : ფილმის მიმოხილვა

რამდენჯერმე დავაპირე ნანახ ფილმზე მომეყოლა, მაგრამ სანამ პოსტს დავწერდი, ემოციები ქრებოდა და რჩებოდა ამ კონკრეტული ფილმის შესახებ “ფეისბუქზე” დაწერილი რამდენიმე სიტყვა. სხვების გამოხმაურებები: “ვნახო?”, “ვარგა?”, “აუ მე არ დამევასა”, “ძაან გაწელილია”, “აუ ძაან მაგარია” და ა.შ. მერე ვიღაც ნახავს, იმის გამო რომ მე მომეწონა ან  მე ვნახე იმიტო, რომ სხვას მოეწონა და ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ვცდილობთ ერთმანეთს თავი მოვაწონოთ იმით, რომ მოგვწონს ის, რაც მას.

თუ ერთხელ მაინც დაგიწყიათ იმ მუსიკალური მიმდინარეობის მოსმენა, რაც მას მოსწონს ან იმ სპორტით დაკავებულხართ, რითაც ის, თქვენ იპოვით თავს “ლობსტერში”. ყველა ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ, რომ არ იყოს მარტო და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, ზოგჯერ მისთვის მტკივნეულს და მიუღებელს, ოღონდ აჩვენოს რომ მათ აქვთ საერთო.

ასე იქცევა ფილში ბენ ვიშოუს, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა ინგლისელი მსახიობის გმირი. ის გამუდმებით ურტყავს სახეს კედელს და სხვა საგნებს, რომ ცხვირიდან სისხლი წასკდეს და ამით საერთო ჰქონდეს გოგოსთან, რომელსაც მუდმიივად სისხლდენა აქვს ცხვირიდან და ვიშოუს გმირს მოსწონს.

ფილმის ცენტრალური პერსონაჟი დევიდია, რომლის როლსაც კოლინ ფარელი თამაშობს. 40 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა და მიდის სასტუმროში, სადაც მარტოხელებს 45 დღე აქვთ იპოვონ მეწყვილე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმ ცხოველად გადაიქცევიან, რომელსაც სასტუმროში მისვლისთანავე ირჩევენ. კოლინ ფარელის გმირი ლობსტერია.

Colin-farrell-summ-xlarge

უმაღლესი დონის სატირული დრამა, რომელშიც არარეალური სამყაროა აღწერილი, საოცარი რეალიზმით. უყურებ და ხვდები, რომ ეს ჩვენი სამყაროა. თანამედროვეობა სოციალური ქსელებით, თვითგადარჩენაზე ზრუნვით, ყალბი იდეალური წყვილებით. იმ გარემოს საპირისპიროდ, სადაც დანაშაულად ითვლება მარტოხელობა, არსებობს ადამიანთა მეორე ჯგუფი – მარტოხელები. სწორედ მათთან ხვდება სასტუმროდან გაქცეული დევიდი.

ფილმის ყველა დეტალი საოცარი აზრის მატარებელია. თუნდაც ის, რომ მარტოხელებს ეკრძალებათ ვინმესთან ერთად ცეკვა და ისინი აუცილებლად ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვავენ მარტოები. ეს სცენა ტყის ნაცვლად ფერადი შუქებით აციმციმებულ კლუბში რომ გადაეღოთ, ბევრი ჩვენგანი აუცილებლად ამოიცნობდა  საკუთარ თავს.

farrellweisz-xlarge

 

“ლობსტერი” ახალგაზრდა ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია. მისი “ეშვი” (Kynodontas) “ოსკარზეც” იყო ნომინირებული 2011 წელს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ლანთიმოსი ქმნის ძალიან საინტერესო სიუჟეტს, რომლის ფინალიც მაყურებლის გადასაწყვეტია. თავიდან მაყურებელი ვერ ხვდება კავშირს დასაწყისსა და ფილმის სიუჟეტთან, თუმცა ეს რგოლიც იკვრება.

ეს არის კარგი არტ-ჰაუსი, არაჩვეულებრივი სამსახიობო ჯგუფით, კარგი საუნდთრეკებით და მისტიური გარემოთი. მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში “ლობსტერი” გადაღებულია ბუნებრივ განათებაზე და მაქსიმალური რეალიზმით აღწევს არარსებულ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ.

I said, “Do you know where the wild roses grow
So sweet and scarlet and free?”

 

Leave a comment