რა სურთ კაცებს?!

tumblr_mo1itr1a9i1sshtv0o1_400ზაფხული ის დროა, როცა ყველაზე ჯანსაღი საკვების მიღება შეგიძლია. ვიტამინებით და საჭირო მინერალებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, ცოტა ფანტაზია, მარილი გემოვნებით, დრო და სადილი ადვილი მოსამზადებელია. “სადილს”ფორმალურად ვეძახი, თორემ სადილობისას სახლში რამდენი თვეა არ ვყოფილვარ. ძირითადად საღამოობით ვამზადებ, ისიც მხოლოდ ზაფხულში. ეს ის დროა, როცა “ჩემივე თავი ჩემადვე მეყუდნის”, არც მწვანილის მსხვილად დაჭრისთვის და არც მზადების პროცესში ჭამისთვის მისაყვედურებს ვინმე, დეგუსტატორებიც ფაქტობრივად არ მყავს ხოლმე, ამიტომ უხახვოდაც გემრიელად მივირთმევ.

* * *

გუშინ საღამოს “რატატუის” მომზადება გადავწყვიტე. ჩემი ოჯახის თბილისს შემორჩენილმა ერთადერთმა მამაკაცმა წევრმა, ჩართული ღუმელის დანახვისას, დავინახე როგორ გადაყლაპა ნერწყვი რამე ცხიმიანის მომზადების იმედით. ჩანგალს მოუთმენლად აკაკუნებდა თეფშზე, თავისი ულუფის მოლოდინში. დანაც კი შეამოწმა, კარგად ჭრიდა თუ არა. მოუთმენლად გადაყლაპა პირველი ნაჭერი და იმედგაცრუებული სახით მეკითხება:
-ამას რეჰანი უქენი?
-კი.
-ალერგიას მაძლევს, მე მგონი. ისევ სოსისს მოვიხარშავ ჩემთვის.
რეჰანზე ალერგია პირველად გავიგე მისგან, იმიტომ რომ წინა დღეებში გაკეთებულ ყველა სალათში მქონდა გამოყენებული. საქმე სხვა რამეში იყო, ის რაღაც ხორციანს და დაბრაწულს ელოდა, მხოლოდ ასეთი კერძები მიაჩნია გემრიელად.

* * *
tumblr_lsfpb0nn4E1qgikjpo1_500გვიანი გაზაფხულია.
ის  გაიშვიათებული შემთხვევა, როცა სოფელში ვართ მთელი ოჯახი. ბებო ტრიალებს, ნემსის ყუნწში ძვრება, რით გვასიამოვნოს, რა მოამზადოს აღარ იცის. განსაკუთრებული აქცენტი სიძეზე (მამაჩემი) აქვს.
ახალგაღვიძებულებს გაშლილი საუზმე დაგვხდა. გაფიცხებული იმერული ხაჭაპური, სოფლის კარაქი, ჭყინტი ყველი, თონედან ახალი ამოყრილი ცხელი პური, ალუბლის და ლეღვის მურაბა, რძიანი ყავა და მოცვის ჩაი. მმმ…
ბებო არსად ჩანს. ბაბუამ ვენახშია, დაჯექით, ჩვენ ადრიანად ვისაუზმეთო.
საუზმობას მოვრჩით, მამაჩემი სარწეველა სკამში ნებივრობს აივანზე. უცებ ბებოს საუბარი შემოგვესმა ეზოდან.
– რა ქენით, შვილო, ისაუზმეთ გემრიელად? – მამაჩემს მიმართავს.
– უუჰ, მეფურად! სად იყავით ზურაბოვნა (ბებიაჩემი) ამ დილაადრიან?
-ორი საათი წვანე ლობიოს ვეძებ. კი არაა ჯერ შემოსული, მაგრამ სადილისთვის რომ მეყოს, იმდენი კი მოვძებნე. კი დავიქანცე და დავიკაწრე, მაგრამ თქვენ გესიამოვნოთ და არ დავეძებ.
-მერე, ზურაბოვნა, ჩემი სიამოვნება თუ გინდოდათ, შესულიყავით საქათმეში ორი წუთით, რას იკლავდით მწვანე ლობიოსთვის თავს?!

10 thoughts on “რა სურთ კაცებს?!

  1. მწვანე ლობიო ძალიან არ მიყვარს, საერთოდ არ ვჭამ… მესმის მამაშენის 🙂

  2. სულ არ ვიცინე. გავბრაზდი და გული მეტკინა.

    საშინლად ვცოფდები, როცა რამეს გავაკეთებ და ოჯახის რომელიმე წევრი გამოაცხადებს “მე ამას არ ვჭამ”, მარტო იმიტომ, რომ განსხვავებული, არატრადიციულქართული ინგრედიენტია შერეული.
    აი თუ არც ჭამ რაააა, მოიხარშე სოსისი 🙂

    • მე არ ვბრაზდები, პირიქით მადლიერი ვარ ხოლმე, რომ სინჯავენ :))
      არც ისეთი კარგი კულინარი ვარ ზოგადად :))

  3. მწვანე ლობიო და რატატუი რა სადილია :)) ქათამი, ღორი ან სხვა რომელიმე ცხოველი თუ არ ურევია, ისეთი კერძები “მეორადია” :)))

  4. ზუსტად :)))) ბაბუაჩემს, სადილი ხორციანი საჭმლის გარეშე, სადილად არ მიაჩნდა და ჩიოდა, რომ მშიერი დატოვეს :დ

Leave a comment