ფილმები, რომლებიც ვნახე 2 ანუ საუკეთესო შემოთავაზებები

წინა პოსტს რომ ვწერდი, ვგეგმავდი, ყოველდღე ან დღეგამოშვებით მაინც დამეწერა იმ ფილმების შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურად ვნახულობ. უდროობამ და ფილმების მრავალფეროვნებამ (უფრო პირველმა) ამის საშუალება არ მომცა, ამიტომ გადავწყვიტე მათ შორის საუკეთესოები ამომერჩია.

1974დიდი გეთსბი
Great Gatsby (1974)

ეს ფილმი დიდი ხნის წინ მქონდა ნანახი, მაგრამ ამჯერად მინდოდა კარგად აღმდეგინა მომენტები და ახალი გეთსბისთვის შემედარებინა.

გირჩევთ, ახალი გეთსბის ნახვამდე, ეს ნახეთ ან შემდეგ, არც მაგით დაშავდება რამე. როგორც ფილმი ეს უკეთესია, ჩემი მოკრძალებული აზრით, თუმცა დი კაპრიოს შესრულებული ჯეი გეთსბი მირჩევნია რედფორდისას. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ვარიანტში სიუჟეტი არაა დამახინჯებული, კოპოლას სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი უფრო ახლოსაა წიგნთან.

2013დიდი გეთსბი
Great Gatsby (2013)

შეუდარებელი ლეონარდო დი კაპრიო. იქნებ მოხდეს სასწაული და ამ როლისთვის მაინც მისცენ ოსკარი. ეს არის ულამაზესი სანახაობა, მსახიობების კარგ ქასთზე რომ არაფერი ვთქვათ, ისეთი დეკორაციები და საუნდთრექები აქვს, ერთ რამედ ღირს. “მულენ რუჟის” და “ავსტრალიის” რეჟისორისგან ნაკლებს არც ველოდი, ოღონდ დეიზის როლზე კერი მულიგანზე უკეთესი კანდიდატურა, რატომ ვერ შეარჩია?! მია ფეროუს დეიზი უფრო ახლოა რეალურთან, ჩემი აზრით. კერი მულიგანი ისეთი ტიპაჟია, როგორ ანგარებიან და უარყოფით პერსონაჟსაც არ უნდა თამაშობდეს, მაყურებელში მაინც თანაგრძნობას იწვევს.

now you

სიცრუის ილუზია
Now You See Me (2013) 

ოთხ ილუზიონისტს სრულიად უცნობი ერთმანეთთან აკავშირებს. ისინი საოცარ შოუს დგამენ და მაყურებლების წინაშე ძარცვავენ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ბანკს. ეს არის ფილმი, რომელსაც ბოლო წამებამდე ვერ მოწყდებით. ერთგვარად გაჰიპნოზებს და გხიბლავს. “ოუშენის” და “ძარცვა იტალიურად” მსგავსი, მაგრამ კარგი სანახავი.

საგამოძიებო სამსახურის და ილუზიონისტების გაუთავებელი დაჭერობანა, რომელშიც მონაწილეობს ინტერპოლის აგენტიც და მის როლს ჩემი უსაყვარლესი მელანი ლორანი თამაშობს. ეს ის მელანია შოშანას როლი რომ შეასრულა “უსახელო ნაბიჭვრებში”.

რა და როგორ დასრულდება და შეძლებთ თუ არა ბანდის მეთაურის დანახვას, თავად ცადეთ.

best

საუკეთესო შემოთავაზება
Best Offer (2013) 

და ბოლოს, ჩემი საუკეთესო შემოთავაზება გუზეპე ტორნატორეს “La migliore offerta”.

ჯეფრი რაშის მიერ უნაკლოდ შერულებული აუქციონების სახლის მეპატრონე, რომელიც ქალების პორტრეტების უძვირფასესი კოლექციის პატრონია, უყვარდება ახალგაზრდა ქალი, რომელიც ძველ და ანტიკვარულ სასახლეში მარტო ცხოვრობს და აგორაფობითაა დაავადებული.

უცნაური სასიყვარულო ურთიერთობა, უსიმპატიურესი ჯიმ სტარჯესი და შოკისმომგვრელი ფინალი, რომელსაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი.
ძალიან მაგარი ფილმია.

3 thoughts on “ფილმები, რომლებიც ვნახე 2 ანუ საუკეთესო შემოთავაზებები

  1. მე მაინც რობერტის ერთგული ვარ :)) თუმცა ლეომ სასიამოვნოდ გამაოცა – ჯერ რომ ეს ეკრანიზაცია მენახა, ალბათ უფრო მომეწონებოდა მისი გეთსბი :)) აი, კერი სულაც არ უხდება ამ როლს. ფიცჯერალდის დეიზის მია ფეროუ უფრო “მოერგო”.

  2. ნამდვილად არ ველოდი რომ გეთსბი ესეთი გამოვიდოდა,მართლა კარგი რიმეიქია,მაგრამ ლეოს და ყველაფრის მიუხედავად მე მაინც პირველი ეკრანიზაცია მირჩევნია..კლასიკაა )))) Now You See Me ზეც გეთანხმები,ცოტა ხნის წინ ვნახე და ეხლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ )) და მესამე ფილმს ვნახავ აუცილებლად,ისე აღწერე,რომ მომინდა )) კაი ფილმები და კაი პოსტია :*

    • ჰო, “საუკუთესო შემოთავაზება” აუცილებლად სანახავი ფილმია 🙂
      და მადლობა კომპლიმენტისთვის 🙂

Leave a reply to kno schweiger Cancel reply