BIAFF 2015: პირველი დღე და შეწყვეტილი “ზამთრის სიმღერა”

მახინჯაურის რკინიგზის სადგურს რომ გავცდები ხოლმე და ბათუმის იმ ცნობილ ხედს მოვკრავ თვალს, გული ისე მიცემს, როგორც შეყვარებულის დანახვისას.

“ეული” (c) შოშანა

ზუსტად ერთი წლის წინ, 13 სექტემბერს პარიზში ჩავედი. ეს იყო რეალობად ქცეული ზღაპარი და ამას საღამოს ფეიერვერკების 2 საათიან შოუც დაემატა.

გუშინ, 13 სექტემბერს ბათუმში BIAFF-ზე დასასწრებად ჩამოვედი, რომლის გახსნის ცერემონიალიც 7 საათზე იყო დაგეგმილი. 7 საათს აკლდა წუთები, როდესაც მანქანა “შერატონის” მახლობლად ძლივს დავაპარკინგე და ძველ ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრისკენ გავიქეცი. შუა გზაში მივხვდი რომ სპეციალურად ამ საღამოსთვის გამზადებული შავი კაბისა და მაღალქუსლიანების ჩაცმა დამვიწყდებოდა. ასე აღმოვჩნდი წითელ ხალიჩაზე ცხოვრებაში პირველად “ბალეტკებითა” და უბრალო სარაფანით, თმაგაწეწილი და დიდი მოლოდინებით.

მო-ლოდინის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლოდინი დიდხანს დაგვჭირდა, ფილმის ჩვენების დაწყებამდე. გახსნის ცერემონიალი ტრადიციული მისალმებით, განვლილი 9 წლის მიმოხილვით და წამყვანებმა სცენაზე ოთარ იოსელიანი მიიწვის, რომლის ფილმით “ზამთრის სიმღერა”  გაიხსნა ფესტივალი. თუმცა ჩვენების დაწყებამდე დიდ ეკრანზე ჟიური და საკონკურსო ფილმები აჩვენეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ რეზო ჭეიშვილს და კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის პოლონელი მსახიობი მაია კომოროვსკაია დააჯილდოვეს.

მთელი ამ დროის განმავლობაში მაესტრო სცენის კუთხეში იდგა და ელოდა, როდის გადასცემდნენ სიტყვას, რომელიც ძალიან მკაცრი და კრიტიკული აღმოჩნდა. “გიორგობისთვის”, “იყო შაშვი მგალობელისა” და ბევრი სხვა ძალიან კარგი ფილმის რეჟისორს, თურმე ძალიან არ მოსწონს თანამედროვე ბათუმი და არ ენდობა ფილმების თრეილერებს.

ჩვენების დაგვიანებით დაწყების გამო განაწყენებულ ოთარ იოსელიანს და დარბაზს მთავარი უსიამოვნება ჯერ კიდევ წინ გველოდა. “ზამთრის სიმღერა” მოულოდნელად შეწყდა და ნახევარი ბათუმი უშუქობამ მოიცვა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მაყურებლით გადავსებულ ამხელა კინოთეატრს ერთი გენერატორი არ აღმოაჩნდა, რომ ჩვენება დროულად გაგრძელებულიყო.

იმედია, ეს იქნება ამ ფესტივალის ერთადერთი უსიამოვნო მომენტი. განრიგი ისეთი გადატვირთულია მზის ჩასვლის ნახვას ნამდვილად ვერ მოვახერხებ, სამაგიეროდ ბევრი საინტერესო ფილმს ვნახავ.

2 thoughts on “BIAFF 2015: პირველი დღე და შეწყვეტილი “ზამთრის სიმღერა”

Leave a comment