BIAFF 2015 და დედა-შვილობა

ფესტივალის პირველ დღეს ვფიქრობდი, რომ პოსტებს ყოველდღე დავწერდი, მაგრამ…  არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ სხვაგვარად არ ძალმიძს.

აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად კინოთეატრ “აპოლოში” გადავსახლდი. დილის 12 საათიდან შუაღამემდე სეანსები იყო. თავიდან დიდი ენთუზიაზმით ყველა ფილმის ჩვენებას ვესწრებოდი. მერე ერთი გავაცდინე, შემდეგ დღეს ორი, იმის შემდეგში სამი, იმიტომ რომ ბათუმში ზღაპრულად მზიანი ამინდები და საოცრად მშვიდი და ლივლივა ზღვა იყო.

თუ შეიძლება რომ ცხოვრებაში გარკვეულ პერიოდებს საუნდთრეკები დავადოთ, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას ზუსტად შეესაბამება ემი ვაინჰაუსის “Back To Black”. ემის შესახებ გადაღებულ ფილმზე უკვე ვწერდი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ამ ფილმმა თავიდან შემაყვარა გოგონა, რომლისთვისაც სიყვარული წაგებული თამაში იყო. 

ფესტივალის პირველ საკუნკურსო დღეს დოკუმენტური ფილმების სექციაში აჩვენეს სოფია ტურკიევიჩის “ოდესღაც დედაჩემი”. სოფია ტურკიევიჩი ავსტრალიელი რეჟისორია, რომლის ფილმების ძირითადი ინსპირაციის წყარო საკუთარი დედაა. დიდი ხნის განმავლობაში მას დედის გამო საზოგადოებაში რცხვენოდა, მის არსებობას მალავდა. დედამისი ელენა პოლონელი  იყო. თავის დროზე საკუთარ ოჯახში გაუსაძლისს ცხოვრებას გაექცა, შემდეგ ციმბირში გადაასახლეს, იქედან შუა აზიაში, ბოლოს აფრიკაში, სადაც მან სოფია გააჩინა. მთელი მისი ცხოვრება არაადამიანური ტკივილებითა და თვითგადარჩენაზე ფიქრით იყო სავსე. სოფიას რცხვენოდა, რომ დედამ წერა-კითხვა არ იცოდა, ეშინოდა რომ მისი თანატოლები უარს იტყოდნენ მასთან მეგობრობაზე დედის წარსულის გამო, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. მეგობრებმა ბიძგი მისცეს სოფიას მეტი გაეგო დედის შესახებ და საზოგადოებისთვისაც მოეყოლა ამის შესახებ. ტყვე ქალის თითქოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელმაც ბევრი განსახცდელი გადაიტანა, მაგრამ სოფია ტურკიევიჩი ამ ყველაფერს საოცრად ფაქიზად და სიყვარულით გვიყვება. გაჩვენებს თუ როგორ გავლენას ახდენს დედის განვლილი ცხოვრებას შვილის სამომავლო ცხოვრებაზე.

ჯოშ მონდის “ჯეიმს უათის” შესახებ ცალკე პოსტის დაწერას ვაპირებ(დი). ეს იყო ფილმი, რომლის ნახვასაც განსაკუთრებულად ველოდი ამ ფესტივალზე და მოლოდინებიც გაამართლა. სინტია ნიქსონისა და ქრისტოფერ ებოტის საოცარი დედაშვილობის ისტორია. როგორ შეიძლება შვილმა დედის გამო დათმოს საკუთარი პირადი ცხოვრება, ხოლო უკიდურესად დაუძლურებულმა დედამ შვილის თავისუფლებაზე და ბედნიერებაზე იფიქროს.

ნანი მორეტის “დედაჩემი” არასაკონკურსო დიდოსტატთა სექციაში აჩვენეს. მხატვრული ფილმი, რომელიც ძალიან წააგავდა სოფია ტურკიევიჩის დოკუმენტურ ფილმს. ცნობილი რეჟისორისა და მისი ასაკოვანი უკვე დაუძლურებული დედის ურთიერთობა, რომელიც უფრო ლამაზად და მხატვრულად იყო გადმოცემული. ნანი მორეტი სოფია ტურკიევიჩის მსგავსად ფილმის პერსონაჟი იყო. ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ფილმს რაღაც აკლდა. ალბათ რეალობის განცდა, თუმცა თავისი კომედიური მომენტებით სასიამოვნო საყურებელი აღმოჩნდა.

Leave a comment