გამიღიმე, რომ მოვყვე

Everything’s a copy of a copy of a copy და თითქმის აღარაფერი არსებობს ბუნებაში, რაზეც არ დაწერილა და არ თქმულა.

ყოველთვის ვეძებთ მსგავსებას, მაგრამ თუ ამ მსგავსებას სხვა პოულობს, სასტიკად უარვყოფთ და ვამტკიცებთ, რომ ეს რაც ჩვენს თავს ხდება განსხვავებულია, განსაკუთრებულია.

ვფიქრობდი, რომ ქერი ბრედშოუ ვიყავი. მეც ხომ 3 უახლოესი მეგობარი მყავს, მოდა მიყვარს, მოდაზე ვწერ, ფეხსაცმელების კოლექცია მქონდა და დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ჩემ ცხოვრებაში მისტერ ბიგი. მეც ვგიჟდებოდი პარიზზე და ხშირად ვიმალებოდი, როგორც კი ზოგ-ზოგიერთებს ონლაინ ვხედავდი.

ვფიქრობდი, რომ ოლივია პოუპი ვიყავი. ისიც ჩემი საყვარელი სერიალის  “სკანდალის” მთავარი გმირია. ოლივიაც შეყვარებულია კაცზე, რომელიც იცის რომ მისი არ გახდება, მაგრამ მაინც უყვარს და ელოდება. მისი ცხოვრების დეტალები ისე ემთხვეოდა სამი წლის განმავლობაში ჩემას, მეგონა სცენარს ჩემი ცხოვრების მიხედვით წერდნენ.

როდესაც ლარს ფონ ტრიერის “ტალღებთან მებრძოლს” ვუყურებდი, მივხვდი რომ მეც ბესის მსგავსად დიდი შცდომა დავუშვი, როცა ვლოცულობდი ჩემთან ყოფილიყო მუდამ. სწორედ ამან მომიტანა ყველაზე დიდი ტკივილი.

მინდოდა, ელის აირესივით გოგო ვყოფილიყავი, როგორც ნატალი პორტმანია “სიახლოვეში”. არც მთლად ტენესი უილიამსის გმირი არ ვიყავი “ტრამვაი სახელად სურვილი”, მაგრამ რაღაცით ვგავდი ბლანშის დას.

კაბირიასავით მუდამ ოპტიმისტი და ყოველი იმედგაცრუების შემდეგწამოვდგებოდი და მეგონა, ერთ დღეს ავდგებოდი და წავიდოდი ლიზივით და ჩემი ცხოვრების სლოგანი გახდებოდა “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”.

მინდოდა, ისე ლამაზად წავსულიყავი. ავმდგარიყავი და წავსულიყავი მისგან, როგორც სარა წავიდა ნელსონისგან “ტკბილი ნოემბრის” ბოლოს.

და ასე დაუსრულებლად, ვცდილობდი ჩემი თავის მიმსგავსებას ყველა ფილმის, რომანის, მოთხრობის, სალომე ბენიძის ლექსების პერსონაჟებთან, მაგრამ მე მე ვარ, გოგო ხმაურიანი სიცილით. გოგო, რომელიც შეიძლება რაღაცით ვგავარ შარლოტა გინსბურგს, მაგრამ ყოველთვის მაკომპლექსებდა ჩემი ნიკაპი და კიდევ მერჩივნა ჩემი ენის სიგრძეზე კი არა ფეხების სიგრძეზე გაემახვილებინათ ყურადღება.

არც კი გავპრანჭვივარ. მისი თანდასწრებით არაერთხელ მიხარხარია, ისე რომ გარშემომყოფები დამიფრთხია და ლამის ზვავიც კი გამოვიწვიე მთებში. ჰო, აი, მთებში მივხვდი, უნაკლო პეიზაჟს რომ ვუყურებდი, გვედრით მინდორზე ჩემს გვერდით ჩემი მეგობრები იყვნენ წამოკოტრიალებული. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. არაფერი იყო ზედმეტი. მაშინ მივხვდი რომ მზე კი არა, იმ ბიჭის ღიმილი ანათებდა იმ მომენტში ჩემთვის იქაურობას.

მინდა, რომ კიდევ ბევრჯერ გამიღიმოს და ისეთივე სასიამოვნო იყოს მისი ღიმილი, როგორც აქამდე. მინდა, რომ მე მიღიმოდეს და არა სივრცეს ჩემს უკან.

არა, მინდა რომ მას უნდოდეს მიღიმოდეს. ასე არასოდეს მდომებია ვიყო მე, დავტკბე წამით, მისი ღიმილით და ვიცხოვრო ისე, რომ მოვყვე.

 

3 thoughts on “გამიღიმე, რომ მოვყვე

  1. ძალიან საინტერესოა, ფსიქოლოგიაშიც კი შევეხეთ ამ თემას… სიყვარული კი მშვენიერი….. 🙂

Leave a comment