დაზღვეული არაფრისგან ხარ თუ “ალფაში” ხარ დაზღვეული

თავდაპირველად ყველაფერი რიგზე იყო, სანამ ჩვენი მანქანა მოცურდებოდა და ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა.

არ ვიცი, სხვებს როგორ გაუელვებთ ხოლმე თვალწინ მთელი გავლილი ცხოვრება, მაგრამ მე იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ჩვენი მანქანა ათას რამეს ენარცხებოდა და ტრიალდებოდა, იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ ისე დავეცეთ, მანქანიდან გადმოსვლა შევძლო და გონება არ დავკარგოთქო.

იმ მომენტში არ დამიკარგავს გონება არცერთი წამით და არც შემდეგში.

112-ში დავრეკე.

გამოძახებული სასწრაფოს დახმარების და საპატრულო პოლიციის მოსვლამდე, შემთხვევით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გამოიარა. მოგვხედეს და ჩემს ორ ძალიან დაშავებულ მეგობართან ერთად ბორჯომის საავადმყოფოში გადაგვიყვანეს,

არ მინდა საუბარი ექიმების დამოკიდებულებაზე. არ მინდა წარმოდგენა ოდნავ რთული მდგომარეობა რომ გვქონოდა რომელიმე ჩვენთაგანს, როგორ გვექნებოდა სამომავლო გეგმები ახლა ჩვენთან ერთად მიწაში დამარხული.

პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პირადობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად წარვუდგინეთ სადაზღვევო ბარათები, აღმოჩნდა რომ საკმაოდ სოლიდური თანხები გვქონდა გადასახდელი. ჩემს ძალიან მშვიდ კითხვაზე, თუ რატომ იყო ეს ასე, როდესაც სადაზღვევო ყველა გადაუდებელ დახმარებას 100 %-ით გვიფინანსებდა (ასე ეწერა ხელშეკრულებაში), პასუხი მივიღე საოცარი. თქვენ  გამოძახებულ სასწრაფოს ეკიპაჟს არ შემოუყვანიხართ, გამვლელმა სასწრაფოს მანქანამ მოგიყვანათ და ითვლებით როგორც საკუთარი ფეხით მოსულიო. აქ მივხვდი, რომ მართლა პატრონი არ გვყავდა.

დავრეკე სადაზღვევოში და მოვუყევი ჩვენი შემთხვევის შესახებ. მითხრეს, რომ თუ ასეთი ფაქტია, ისინი ვერაფერს გააწყობდნენ. სანამ შოკისგან ჩუმად ვიყავი, სადაზღვევოს ოპერატორი ძალიან მშვიდად დამემშვიდობა.

არა ერთხელ მივმართე კლინიკას, რომ ჩვენი გადაყვანა მოეხდინათ თბილისში, ვინაიდან ერთი ჩვენი მეგობრის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. სადაზღვევოს ვთხოვე, იქნებ ეს მოეგვარებინა. პასუხად მივიღე თუ კლინიკა თავად არ დაგვირეკავს, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

მერე მახსოვს როგორ ავფეთქდი საავადმყოფოს მისაღებში. რაღაც დროის შემდეგ საავადმყოფოს ადმინისტრაცია სინდისმა შეაწუხა და გაგვატარეს, როგორც გადაუდებელი სასწარფო დახმარების პაციენტები, მაგრამ ისევ ითხოვდნენ თანხის გადახდას. ისევ დავრეკე სადაზღვეევოში, სადაც განმიცხადეს, რომ ვერაფერს იზამდნენ. უნდა გადამეხადა და ქვითარი ფორმა 100-თან და საპატრულო პოლიციის აქტთან ერთად უნდა წარმედგინა სადაზღვევოში.

ბებიაჩემი სხვა დროს იტყოდა “თქვე კაი ადამიანებო…”, მაგრამ მე ასე არ შემიძლია. თქვე არაადამიანებო, თუ ავარიაა, თუ სადღაც დასაკარგავში ვარ, მითუმეტეს გიხსნი რომ სალაშქროდ ვიყავი და რამდენიმე ლარის გარდა სხვა ფული თან არ მაქვს, თუ გადახდა შემიძლია, შენი დაზღვევა რა ჯანდაბად მინდა?  რისთვის მეჭრება ყოველთვე საშემოსავლო გადასახადივით თქვენი მომსახურების თანხა? რისი გაკეთება შეგიძლიათ საერთოდ? ან სად გაგექცევი, მოგიტან ამ დასაწვავ უდანაშაულობის ცნობას, ჯერ მომხედე.

-ქალბატონო, წესი ასეთია. – მშვიდად მპასუხობს ოპერატორი. საბოლოოდ გადავიხადეთ და წამოვედით.

თბილისში ჩამოსული რამდენიმე დღის შემდეგ მივედი ნევროპათალოგთან თავის ტკივილების გამო და სადაზღვევოში არც ამ ვიზიტს არ მინაზღაურებენ უდანაშაულობის ცნობის გარეშე. ესო ავარიის შემდგომი ტრამვის შედეგიაო…

ახლა რაც შეეხება ამ ავადსახსენებელ ცნობას: მის ასაღებად თურმე თბილისიდან ახალციხეში უნდა ჩავიდე, ვინაიდან იქაური სამხარეო პოლიციას ეკუთვნის ჩვენი ავტოსაგზაოშემთხვევა…

როგორ წარმოგიდგენიათ? 🙂

p.s. ამ პოსტის დაწერიდან ერთი თვე და ავტოავარიიდან თვენახევარი გავიდა.

თავის დროზე გამოქვეყნებისას ინტერნეტი გაითიშა, მერე დამავიწყდა.

ჰოდა, კვლავ დუმს სადაზღვევო. ამ ხნის განმავლობაში უდანაშაულობის ცნობა ვერ გამოითხოვეს პოლიციიდან, შესაბამისად არცერთი თეთრი არ აუნაზღაურებიათ.

 

2 thoughts on “დაზღვეული არაფრისგან ხარ თუ “ალფაში” ხარ დაზღვეული

  1. ეს რა მოგსვლია

    მე არაფერი აღარ მიკვირს ამ ქვეყანაში. სიმართლე ვთქვა ის უფრო საკვირველია ახლა, რომ ყველაფერი რიგის მიხედვით მიდიოდეს,

    მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა,

Leave a comment