მი – ჩვევები

მოწევა არ კლავს. მოწევის ჩვევად ქცევა კლავს.

18-19 წლის გოგოები ვიყავით, უახლოესი მეგობრები. ზედა ბეთლემის უკან რომ ახლა ბილიკი ჩამოდის, მაშინ ასვლაც კი ჭირდა. ჩვენ იქ ავედით და ვეწეოდით. მაშინ რაღაც პრობლემები მქონდა, ახლა ვერც ვიხსენებ. ალბათ არც ჩემს აწ უკვე პარიზში მცხოვრებ მეგობრებს ახსოვთ ეს ამბავი, მაგრამ მე თბილისში ეულად და ბევრი სხვა მეგობრის გარემოცვაში დარჩენილი, როგორც კი თვალს შევავლებ იმ ადგილს, ჩემი გოგოების უსაშველო მონატრების გრძნობა და პირველი სიგარეტის კვამლი მიწვავს ყელს და ნესტოებს.

მერე ჩვევად მექცა, როცა ვნერვიულობ და მენატრება მოწევა მინდება. ვეწევი ერთ ღერს, მაგრამ მთელი კოლოფი მრჩება და იმის გამო რომ არ მინდა მახსენდებოდეს რატომ ვიყიდე ის კოლოფი, მთლიანად ვეწევი

*     *      *

 

მე ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც ბედმა არაფრით გაანებივრა, მოთმინების უსაზღვრო უნარის გარდა.

ერთი ულამაზესი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაქვს, თითქმის ლაბუტინის, რომლის ჩამოსვლას რამდენიმე კვირა მოუთმენლად ველოდი, ვოცნებობდი, ვგეგმავი სად ჩავიცვამდი, კაბა ვიყიდე სპეციალურად მისთვის.

ჩამოვიდა. მომიტანეს. გავხსენი და მივხვდი, რომ ეს ის იყო. ის რომელსაც ამდენი ხანი ველოდი, შევნატროდი, ვათვალიერებდი, მიყვარდა, მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო. შევატყვე. პატარა აღმოჩნდა. პატარაც არ ქვია. ვიცვამ გაჭირვებით, მაგრამ საშინელ ტკივილს მაყენებს.

ამბავი აქ არ სრულდება…

როგორც კი რთული პერიოდები დგება, ვნერვიულობ, თავს უბედურად ვთვლი, ვიღებ ჩემს სათუთად შენახულ ულამაზეს “შპილკებს”, ვიცვამ 15-20 წუთით, დავდივარ ოთახში წინ და უკან, ისე როგორც ეს ნერვიულობისას ვიცი. მერე ყველაფერი ავტომატურად ხდება. მოწყვეტით ვჯდები, სასწრაფოდ ვიხდი ფეხსაცმელს და ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა რომ პრობლემები მოუგვარებელია. სამაგიეროდ ფეხსაცმელი აღარ მიჭერს.

ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ცხოვრებაში ვუშვებთ და ვგრძნობთ, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც გვინდა, ზუსტად ერთი ზომით პატარა ფეხსაცმელს და ტანსაცმელს გვანან. ფეხსაცმელი თითქმის არასოდეს იწვეს ზომაში, ისევე როგორც ჩვენთვის სასურველი კაბის გამო ვერ ვიკლებთ რამდენიმე კილოგრამს. ასევე არიან ადამიანები, ისინი არ იცვლებიან, ისეთებად რჩებიან, მაგრამ სულ გვაქვს იმედი რომ აღარ გვატკენენ, იმედებს აღარ გაგვიცრუებენ.

ვეჩვევით, რომ მივეჩვევით, შევეგუებით და ამასობაში კი ნამდვილ, ჯანსაღ სიხარულს და ბედნიერებას ვკარგავთ ან უბრალოდ ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ.

7 thoughts on “მი – ჩვევები

  1. ”ფეხსაცმელი თითქმის არასოდეს იწევს ზომაში, ისევე როგორც ჩვენთვის სასურველი კაბის გამო ვერ ვიკლებთ რამდენიმე კილოგრამს. ასევე არიან ადამიანები, ისინი არ იცვლებიან, ისეთებად რჩებიან, მაგრამ სულ გვაქვს იმედი რომ აღარ გვატკენენ, იმედებს აღარ გაგვიცრუებენ.” ^_^

  2. ბოლო ორი აბზაცი არის ჭეშმარიტება. ძალიან კარგად გადმოგვეცი.

Leave a comment