ათი დღე ტელეფონის გარეშე

ათი დღეა ტელეფონი არ მაქვს.
ათი წლის წინ ეს ნორმალური იყო. დღეს წარმოუდგენელია.

მეც ვერ წარმოვიდგენდი ათი დღის წინ, თანამედროვე ადამიანს ტელეფონის გარეშე თუ შეეძლო არსებობა. ფაქტია, რომ შემიძლია და თავს სულაც არ ვთვლი განსაკუთრებულად ან ძლიერ ადამიანად.

ვაღიარებ, თავიდან ძალიან გამიჭირდა. საკმარისი თანხა არ მქონდა, თორემ ახალს ვიყიდდი პირველივე დღეს. არც მეორე დღეს მქონდა და ვერც მესამე დღეს ვიშოვე ფული. ოჯახის წევრებს ჩამოვურეკე თანამშრომლის ტელეფონით, რომ თუ რამეა მე თავად დავურეკავდი. მეგობრებს “ფეისბუქზე” მივწერე.

tumblr_mwap2wLv521rhh9n2o1_500მეოთხე დღე – აღმოვაჩინე, რომ სამუშაო საათებში უფრო პროდუქტიული ვიყავი უტელეფონოდ, მაგრამ ხელი, თვალი და ყური მაინც გამირბოდა მომენტალურად მაგიდის იმ კუთხისკენ, სადაც ტელეფონს ვდებ ხოლმე.

მეხუთე დღე – მექანიკურად მაინც ვეძებდი ჩანთაში ტელეფონს და მეგონა, რომ მთელი სანაცნობო მირეკავდა. ყველას ვჭირდებოდი და სინდისი მაწუხებდა. საღამოს ფეისბუქზე ორმა ადამიანმა მომწერა, რატომ გაქვს ტელეფონი გათიშულიო.

მეექვსე დღე – არ იმუშავა 8 საათზე ავტომატურად გაღვიძების ინსტიქტმა და ჩამეძინა. სამსახურში დაგვიანებას გადარჩენილმა გავაცნობიერე, რომ ერთადერთი მაღვიძარა ტელეფონზე მქონდა.

მეშვიდე დღე – საღამოს მეგობართან შეხვედრაზე ვაგვიანებდი და დავურეკავ, გავაფრთხილებთქო და მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ ტელეფონი არ მაქვს.

მერვე დღე – უტელეფონობა ვინანე იმიტომ, რომ ძალიან სასაცილო ანეკდოტს მომიყვა თანამშრომელი და ერთი ადამიანისთვის მოყოლა მინდოდა, სანამ დამავიწყდებოდა.

მეცხრე დღე – არც შეხვედრები, არც მოლოდინი, თითქოსდა ცხადად არ იყო. არც საყვედური, არც ხმა ვედრების, წარსულმა სულ თან წაიღო. 🙂

მეათე დღე – ორ დღეში ფული მექნება და ტელეფონს ვიყიდი. იმედია, ჩემი ნომერი არ წაუშლიათ ადამიანებს თავიანთი ტელეფონებიდან.

ამ დღეების განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ისინი არიან, ვისი ტელეფონის ნომრებიც ზეპირად ვიცი.

5 thoughts on “ათი დღე ტელეფონის გარეშე

  1. სეიმ ჰია 😦
    ოღონდ მე სამი დღე :3 შედეგად ყველა ნაცნობს ვეხევწებოდი ხელში დამაჭერინეთ თქვენი მობილურები -თქო, შემდეგ შევეცოდე ეტყობა მამაზეციერს და ჩემი მობილური მკვდრეთით აღსდგა ❤

  2. ერთადერთი ადამიანი, ვისი ნომერიც ნამდვილად ვიცი და არ შემეშლება, დედაჩემია.
    კიდევ რამდენიმე ნომერი შემიძლია მეხსიერების დაძაბვის ხარჯზე გავიხსენო.
    მაგრამ იმედია ჩემი ტელეფონი არ ეცდება მეხსიერება შემიმოწმოს ^_^

  3. ტელეფონის ნომრებს ვერ ვიმახსოვრებ- ეს მაქვს აკვიატებული და ძალიან მარტივ ნომერსაც აუცილებლად ვიწერ: )) ,,ამ დღეების განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ისინი არიან, ვისი ტელეფონის ნომრებიც ზეპირად ვიცი” – ეს ფრაზა ყველაზე მეტად მომეწონა, მე მხოლოდ დედაჩემის და ჩემი ძმის ნომერი მახსოვს ზეპირად. სულ რომ მოვკვდე, სხვის ნომერს ვერ გავიხსენებ:| დღეს ტელეფონი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ტელეფონი. ჩემი აიფონი არის N1 ნივთი ნივთთა შორის და ესეც არ არის კარგი:))))

    • ვინც ძააალიან მნიშვნელოვანია, მის ნომერს მშვენივრად გაიხსენებ, მენდე 😀
      მე საშუალოზე ცუდი შესაძლებლობების ტელეფონი მაქვს, მაგრამ ისეთ მაგარ ადამიანებთან კონტაქტისთვის ვიყენებ… ❤

Leave a comment