იმერული ესკიზები ანუ მატარებელში

ჩემს იმერულ ფესვებზე, ზურგზე და საყრდენზე არ ვისაუბრებ, ისედაც სულ მაგაზე ვსაუბრობ.

ბოლო დღეებში იმერეთში მომიწია ყოფნა. ამინდმა თავი გაიგიჟა და იმერელი მასპინძელივით ხელგაშლილად დაგვათოვა. შედეგად  ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით და ბებოს კატეგორიული მოთხოვნით, ჩემი დედაქალაქში დაბრუნება  მატარებლით გადაწყდა. მატარებლებიდან კი მრავალჭირნახული “მასტერაოის” გარდა, დიდთოვლობის გამო, სხვა მატარებელზე ბილეთს ვერ იშოვნიდი.

DSC01202

თოვდა და თოვდა თავგამეტებით

მეც დავნებდი ბედს, მაგრამ არა “მასტერაოიში” გამეფებულ ყინვას, რომელიც მარტივად დაძლევადია, ისეთი სისწრაფით ივსება ხალხით და იმდენ სასაცილო რამეს მოისმენ.

ეს ის ‘მასტერაროია”, რომლის მიხედვით ხარაგაულის სოფლებში საათს ასწორებენ. “ჩამეიარა მასტერაოიმ? წავალ აპა მოვწველი ძროხას”.

ერთმანეთზე მისრესილი ადამიანებისგან ხშირად გაიგონებ ფრაზას ” გეიწიე იქით საცხა, არ ეგონოს ვინცხას რაცხა”.

დაახლოებით ერთი საუკუნის წინ კი, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა გალაკტიონ ტაბიძემ, ერთ ხარაგაულელ ქალს, რომელთან ერთადაც მატარებლით მგზავრობდა, ეს ლექსი მიუძღვნა:

მატარებელში
მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი.
მატარებელი მიჰქრის ბინდებად, 
ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?

იცით, ვინ არის ჯონია ბოდიალა ? თან ლოთი. ჯონია ბოდიალა თურმე იმერელი ჯონი ვოლკერი ყოფილა. 🙂

სასმელზე გამახსენდა: რამდენიმე დღის წინ დაკრძალვაზე ვიყავი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. ღუმელს ვეფიცხებოდი და თან გასვენების სუფრის სამზადისს ვადევნებდი თვალს.
გარდაცვილილის ახლო მეზობელი ქალი შემოვიდა და ერთ მომსახურე ბიჭს ცარიელი ბოთლის ღვინით გავსება თხოვა.
-რად გინდა, ჟუჟუნა ბებია, ღვინო ამ ლიტრიანით?
-გოგუცას (გარდაცვლილს) უნდა ჩოუდო სასახლეში.
-სუფთა წვენი ჩაგისხა თუ კრანჭა? – გაეღრიჭა მეზობლის ბიჭი.
-კრანჭა ჩოუსხი მამაშენს მუცელში. გოგუცას თავისი დაწურული ღვინო უნდა ჩავაყოლო.
გაუმზადეს ჟუჟუნა ბებიას ბოთლი, რომლმაც იღლიიდან ბორჯომის და ლიმონათის გაუხსნელი ბოთლები გამოაძრო და იმავე ბიჭს მიაწოდა.
-მოხსენი ერთი ამას თავსახურები, გოგუცას საიქიოში არ ექნება ამის გახსნის ძალა.

გაგრძელება იქნება…

მანამდე ჩემს სანატრელ, საოცნებო მხარეზე, იმერული ხაჭაპურის სურნელებაზე და ჭურის თავზე დალეულ ალადასტურზე.

8 thoughts on “იმერული ესკიზები ანუ მატარებელში

    • ახლა დაღლილი ვარ ძალიან და ისტორიები მინდა დავაჯგუფო თემატურად, თორე იმდენი მაქვს მოსაყოლი :))

      • ჰოდა, ნუ იჩქარებ. ხვალეც ამ თვისაა 🙂 ცხვირი მიგრძნობს, გემრიელობას უნდა ველოდოთ ^_^

  1. ვკითხულობდი და მეღიმებოდა. იმერეთის სოფლებში თავგადასავლები არ მქონია,მაგრამ “კარენოი” ქუთაისელი ვარ და ეს იმერული იუმორი და სითბო საოცრად დიდ ძალას მმატებს. “ქუთაისში მზე საერთოდ რომ არ ამოვიდეს,ხალხია “იმნაირი” თბილი” :დდდ

  2. სოფიო წავიკითხე და ისე ლამაზად წერ, შემშურდა შენი იმერეთის :* მომინდა მქონდეს სახლი დიდ და ლამაზ სოფელში 🙂

  3. სიამოვნებით და ღმილით წავიკითხე. მადლობთ. მე ზემო იმერეთის წარმომადგენელი გახლავართ.არ დავბადებულვარ და არ გავზრდილვარ იქ (არდადეგებზე ჩავდიოდი მხოლოდ), მაგრამ ისე მიყვარს იქაურობა, საკუთარ ქალაქს მირჩევნია და სწორედ იმერეთს და იმერლების სიყვარულს მივუძღვენი ჩემი პატარა იუმორესკა, რომელსაც აქ შემოგთავაზებთ. სამი წლის წინ კი დავწერე, მაგრამ ახალი მკითხველისთვის ახალი იქნება მაინც. 🙂

    http://burusi.wordpress.com/2009/07/03/გიული-წერეთელი-“ამერიკი/

Leave a comment