“იცი ბიცი” და ბიჭი, რომელმაც BIAFF მოიგო

იოაჰიმ  ფელსტრუპი ახალგაზრდა დანიელი მსახიობია. საუბრობს ხუთ ენაზე და მისი ფილმოგრაფიის ჩამოსათვლელად ჯერ-ჯერობით ერთი ხელის თითებიც გვეყოფა. თუმცა მე პირადად მხოლოდ ერთი ფილმი ვიცი.

“პაწაწინა” (Itsi Bitsi), დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი იოჰიმის კარიერაში, დანიელმა რეჟისორმა ოლე კრისტენ მადსენმა გადაიღო. ის თავდაპირველად ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს.

1960-იანი წლები, როკ-მუსიკის ხანა, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი აიკი და იბენი ეძებენ სიახლეს ცხოვრებაში. იწყებენ მოგზაურობას, ჩრდილოეთ აფრიკასასა და აზიაში. იღებენ ნარკოტიკებს. უმეგობრდებიან უცნაურ ადამიანებს და ცხოვრობენ თავისებური სტილით. მათი სიყვარულის ისტორიაც არც ჯდება ჩვეულებრივი “ლავ სთორის” სტანდარტებში. ესაა მუდმივი დაშორებებით, შეჯიბრებებით და თავგადასავლებით სავსე სიყვარულის ამბავი. აიკი თავის შეყვარებულ იბენს “იცი ბიცის” ეძახის, რაც პაწაწინას ნიშნავს. სწორედ ესაა ფილმის სახელწოდებაც, თუმცა ფილმი მხოლოდ იბენზე არაა.

იოაჰიმ  ფელსტრუპის გმირი აიკის ცხოვრების სტილი რაღაც მომენტში ძალიან წააგავს კრისტოფერს, ფილმიდან “ველურ პირობებში” (Into the Wild). ის იწყებს მოგზაურობას ველურ პირობებში საკუთარი თავის აღმოსაჩენად, არ ეშინია წინააღმდეგობების და შეუძლია წამიერი ბედნიერებით ტკბობა.

აიკს უყვარს იბენი, მუსიკა, სამყარო და “ტრამალის მგელი”. სწორედ ჰერმან ჰესეს ამ ნაწარმოების სახელს არქმევს ის თავის როკ-ჯგუფს, ხდება ძალიან პოპულარული, შემდეგ ყველაფერს კარგავს და იბენს სთავაზობს ისევ წავიდნენ სამოგზაუროდ, მაგრამ აიკი მარტო აღმოჩნდება ნეპალში, უდაბნოში “ტრამალის მგელივით მარტო.

პოსტის იდეას სათაურიდანვე მიხვდ(ებოდ)ით. იოაჰიმ  ფელსტრუპი BIAFF 2015-ის საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა, თუმცა ის ამ ცერემონიალს არ დასწრებია. ეს ჯილდო მისთვის და მისი თანაკურსელი ფილმის რეჟისორისთვის კინემატოგრაფიაში წარმატების “პაწაწინა” საწყისია. ფილმი ევროპული არტფილმების კინოგაქირავებაში წამყვან პოზიციებს იკავებს.

და საოცარი ფინალი. ყველაფერი ის, რაც კარგ ფილმს უნდა ჰქონდეს. ეს არის “იცი ბიცი”, რომლის ნახვის პაწაწინა სურვილი ალბათ ყველას გაგიჩინეთ.

One thought on ““იცი ბიცი” და ბიჭი, რომელმაც BIAFF მოიგო

Leave a comment